Tag Archive | წყალტუბო

ლ ა ლ ი – ნაზი ქალი დიდი ტკივილით

ამერიკის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ ქალთა ისტორიის თვისადმი მიძღვნილ საუკეთესო ამბების კონკურსს.

ცეცხლის ალში გახვეული სოხუმი, ქართველები ტოვებენ წლებით ნალოლიავებ სახლებს, აყვავებულ ბაღნარებს…

გადის დრო … თითქოს იარები ოდნავ ყუჩდება …საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული დევნილები ნელ-ნელა ეგუებიან ახალ ცხოვრებას …

წყატუბოში, ერთ-ერთ სანატორიუმში პატარა ლალი ცხოვრობს დედ-მამასთან ერთად, მას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული ოჯახის და სრულიად საქართველოს უბედურება …

ტოლ-ამხანაგებში ჩვეულებრივად თამაშობს, ანცობს და მშობლების ატკიებულ გულებს მალამოდ ჰფენს თავის ბავშვურ სითბოსა და სიყვარულს.

ოჯახში ლალის დაბადების დღე ყველაზე დიდი ზეიმია … ის ხომ მშობლების ერთადერთი შვილია. მამას შვილისთვის სიურპრიზის გაკეთება და თერთმეტი წლის განსაკუთრებულად მილოცვა სურდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან სწორედ იმ დღეს, 18 ივლისს გარდაიცვალა.

გადის წლები, თექვსმეტი წლის სრულიად მოულოდნელად, ძირითადად დედის და სადედამთილოს გადაწყვეტილებით თერთმეტი წლით უფროს მამაკაცზე უსიყვარულოდ თხოვდება …

იწყება ნაცრისფერი დღეებით აღსავსე ცხოვრება, ცრემლი, ტკივილი, დამოუკიდებელი აზრის უქონელი და მხოლოდ დედის სიტყვების მორჩილი მეუღლე … პირველი შვილი, პირველი დიდი სიხარული და ტკივილი, რადგან ოთოს უკვე შვიდი თვიდან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დაუდგინდა დიაბეტი, გულის მანკი და ცხრა თვისას უკვე ოპერაციაც დასჭირდა.

   ეს არ აკმარა უბედურებამ, რომ მეუღლეს უკურნებელი სენი დაუდგინეს, ყოველ წელს უარესდებოდა მისი კიდურების მოძრაობა, სიარული აღარ შეეძლო დახმარების გარეშე. გახდა ეგოისტი, ეჭვიანი, აუტანელი იყო მასთან ცხოვრება, მაგრამ ლალის ეცოდებოდა და არ უნდოდა მისი მიტოვება. ასე გასტანა 8 წელიწადმა, გაჭირვებაში და სისტემატიურ ოჯახურ კონფლიქტში. 8 წლის შემდეგ ლალი მეორე შვილს აჩენს უკეთესი მომავლის მოლოდინით, თუმცა მეუღლის ეგოიზმმა და ეჭვიანობამ კიდევ უფრო იმატა. ერთი წლის იყო სანდრო, როდესაც ლალი სამუშაოდ გავიდა, დღე და ღამეს აერთიანებდა ოღონდ შვილებისათვის არაფერი მოეკლო.

ერთხელ სამსახურიდან მოსულს მეუღლე გაღიზიანებული დახვდა, ეჭვიანობის ნიადაგზე იმატა კონფლიქტმა. ის საღამო საშინელი იყო, მეზობლემა ძლივს გადაარჩინეს ლალი და ოთო, მეუღლე მოკვლით ემუქრებოდა.

ორ შვილთან ერთად ლალი დედასთან, სანატორიუმში, გადავიდა საცხოვრებლად და გაუსაძლის პირობებში უწევს შვილების გაზრდა.

ბევრჯერ უთენებია ღამეები საავადმყოფოში, ბევრჯერ გამოგლიჯა  სიკვდილს ხელიდან კომაში ჩავარდნილი შვილი, თუმცა შვილების სიყვარულით და მათზე უკეთესი მომავლის ოცნებით დღემდე მედგრად დგას, მისი ღიმილიანი სახის მიღმა უდიდესი ტკივილია. ეს კი არავინ იცის, მხოლოდ მან … და სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ მის თვალებზე მომდგარ ცრემლებს, რომლებსაც გადმოსვლის საშუალებას არ აძლევს, სანამ საკუთარი თვალებით არ ნახავ კრუნჩხვებში ჩავარდნილ მის შვილს და მას, შეშინებულს კი არა, მებრძოლს, მანამდე ვერ დაიჯერებ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს შვილებისათვის თავდადებული დედის გულში.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც მინახავს შიშით, ტკივილით, უიმედობით თუ სასოწარკვეთილებით აცრემლებული ლალი, მომისმენია მისი მძიმე ყველაზე ძვირფასი სამკაული,დედის კისერზე შვილის მოხვეული მკლავებიაცხოვრების სევდიანი ეპიზოდები, ჩამიხედავს მის თვალებში და ამომიკითხავს უზომო წუხილი, ფარული დარდი დაკარგული ქალური ბედნიერებით, თუ შვილების უმწეო მდგომარეობით, თუ მათ მომავალზე ზრუნვით გამოწვეული. როგორ მინდა დადგეს ის ჯამი, როდესაც ლალის ბედნიერს, გაბრწყინებულს, კვლავინდებურად ლაღსა და ამაყს ვნახავ. როცა ქალური ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე ხმამაღლა და დამაჯერებლად იტყვის პატარა ფრაზას – ბედნიერი ვარ!

Advertisements

დევნილობიდან ……. დევნილობამდე………….

ეხლა დავგუგლე სიტყვა “გაგრა” და აი რა ფოტოები ამომიყარა…….

აი აქ, ამ მშვენიერ ქალაქში დავიბადე, მერე პოლიტიკური მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი წყალტუმოში დავსახლებულიყავი, ამ პატარა ქალაქმა გვიმასპინძლა საკუთარ, მშობლიური ქალაქიდან გამოძევებულებს.

დრო გადიოდა და ამ ქალაქს შევეგუეთ, გავიზარდეთ, ბევრი აქ დაიბადა, ბევდრმა ოჯახი შექმნა, ბევრმა სამუდამო სასუფეველი ამ ქალაქში ჰპოვა, ერთი სიტყვით აქ დავიწყეთ თავიდან ცხოვრება… ალბათ ბევრი იტყვის რა შუაშია ეგ გაცვეთილი თემაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეგ თემა არასოდეს არ გაცვდება.

მაგრამ ეხლა 20 წლის შემდეგ ჩვენი მთავრობა კვლავ დევნილობას გვთავაზობს. რამოდენიმე დღის წინ სახლში მოსულს დამხვდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე განცხადებები უნდა დავწეროთ ვის გვინდა ფოთში, კერძოდ მალთაყვაში გადასახლება. თითქოსდა ჩვენი ნებით ვწერთ განცხადებებს, მაგრამ ამასთანავე გვეუბნებიან, რომ თუ კი ფოთს არ ავირჩევთ ღმერთმა უწყის შემდეგ ეტაპზე რა ტერიტორია შეგვხვდება. მას რომ თავი დავანებოთ ნახეთ სად გვთავაზობენ გადაბარგებას..

ეხლა შიგთავსი ვნახოთ:

სამზარეულო

სააბაზანო

როგორია? მე არ ვაპირებ ამ საღორეში ცხოვრებას, თავად წავიდეს ჩვენი მთავრობა და იცხოვროს იქ. სულ ფეხებზე, რომ ვკიდივართ, მათ არ ანაღვლებთ, რომ ხალხი ძლივს შეეჩვია აქაურობას, აქ დაფუძვდნენ, შეიძინეს, სამსახურები წვალებით იშოვეს, ნათესავები დაკრძალეს. მაგრამ მერე რა? ვის ანაღვლებს ეგ ამბავი, მთავარია მათ თავიანთი გეგმა შეასრულონ და გადაგვყარონ კოღოების საჭმელად და ჭაობში დასახრჩობად. განცხადებები იწერება, რომ ხალხს არ სურს იქ წასვლა, მაგრამ განა ეს გაჭრის? არა მგონია, ჩვენ ისევე  როგორც სხვებს დუბინკებით გაგვყრიან აქედან, მაგრამ მე არ წავალ, ცოცხალი თავით არ წავალ იმ ჯანდაბაში. თქვენი აზრი მაინტერესებს მკითხველნო, თქვენ მიიღებდით ასეთ შემოთავაზებას?